საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას რომ არ დაუშვან გეი-პრაიდი.

18-23 ივნისს სურთ ,ამიერკავკასიაში პირველად ჩაატარონ ე.წ. გეი-პრაიდი თბილისში, რაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია” – საქართველოს საპატრიარქო 18-23 ივნისს დაგეგმილი LGBT პრაიდის კვირეულის შესახებ განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვან ღონისძიების ჩატარება.


“ცხოვრების წესი, რომლსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარმოადგენს და ამდენად ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ სარწმუნოებას და ტრადიციული რელიგიების მოძღვრებებს, ისე ზოგადად მორალურ ღირებულებებს.
ხაზს ვუსვამთ, რომ ეკლესია ემიჯნება ცოდვას, მაგრამ არა მონანულ ცოდვილს, რომელსაც სიყვარულით იწყნარებს და ეხმარება ღმერთთან დაბრუნებაში.
სამწუხაროდ, LGBT გარკვეული ჯგუფები და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნებს ისე აწვდიან ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ისინი დიდად შევიწროებულნი და დევნილნი არიან და ამ მოტივით სერიოზულ დაფინანსებას იღებენ. მათ სურთ, თავისი აქტივობა ისე წარმოაჩინონ, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სინამდვილეში კი ეწევიან თავისი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და პროპაგანდას და მისი ოფიციალურად დაკანონება აქვთ განზრახული.
როდესაც მცირე ჯგუფი ცდილობს, თავისი პოზიცია თავს მოახვიოს მთელ მოსახლეობას, ეს, თავისთავად, იწვევს მკვეთრ უკურეაქციას, ვინაიდან წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, უმრავლესობის  ღირსების შეურაცხყოფას, მათ არჩევანზე ძალადობას და ამდენად არის მაპროვოცირებელი არეულობისა და დაპირისპირებისა.
ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს ვაცნობიერებთ რა, დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ე. წ. გეი-პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს.  
ასევე მოვუწოდებთ და ვთხოვთ საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, რათა გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი და ნუ წაახალისებენ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს; ამით ისინი ხელს შეუწყობენ სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებას და გამოხატავენ ჩვენი მოსახლეობისადმი პატივისცემასა და მხარდაჭერას” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
18-23 ივნისს თბილისში ლგბტ პრაიდის კვირეული ჩატარდება. მას ორგანიზებას ორგანიზაცია “თბილისი პრაიდი” გაუწევს. 
31 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ლგბტქ აქტივისტებმა თქვეს, რომ 30 მაისს, შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მათ შესთავაზეს ღირსების მარშის დახურულ სივრცეში გადატანა. ორგანიზატორებმა თქვეს, რომ შეხვედრაზე სამუშაო ფორმატისთვის მომზადებულები მივიდნენ, თუმცა სამინისტროს წარმომადგენლები დიალოგში არ შევიდნენ და უთხრეს, რომ მათ დაცვას ვერ შეძლებდნენ.
ამასთან, მათი თქმით, შსს-სთვის წარდგენილ მარშრუტებს შორის არ იყო ისეთი ადგილები, სადაც უმეტესად იმართება აქციები – რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობის ტერიტორია და მთავრობის კანცელარია.
მიუხედავად ამისა, ლგბტ პრაიდის ორგანიზატორების თქმით, ისინი მარშის გამართვას მაინც შეეცდებიან.
გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

ლევან ვასაძე ლგბტ პრაიდის წინააღმდეგ.

კვი ივნ 16 , 2019
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში მხარდამჭერებთან შეკრება ლოცვით დაიწყო.ვასაძემ თქვა, რომ დღეს ვერის ბაღში შეკრების მიზეზი სამშობლოსთვის არეულობის თავიდან აცილებაა.„არ შევკრებილვართ აქ მიტინგობისთვის. საქმე გვაქვს გასაკეთებელი. დღეს მოვახდენთ სახალხო რაზმებად თვითორგანიზებას. ამ რაზმების სტრუქტურა იქნება მარტივი, იერარქიული და ერთმანეთზე აწყობილი.ათეულები გვეყოლება, ეს ათეულები შეიკრიბება ასეულებად ასისთავებით და ასეულები შეიკრიბება ათასეულებად და […]