ჩემს ქვეყანაში ის ციხეში მოხვდებოდა — მეთიუ ბრაიზა ირმა ინაშვილზე

ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ირმა ინაშვილმა ბოდიში თავად უნდა მოიხადოს: “ამ ქალმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნინო ევგენიძეს. ჩემს ქვეყანაში ამის გამო ის ციხეში მოხვდებოდა. ის მას აჯანჯღარებდა და ფხაჭნიდა”, — ამბობს მეთიუ ბრაიზა ტელეკომპანია მთავარი არხის თარგმანის მიხედვით. ამავე არხთან ინტერვიუში ბრაიზა იხსენებს, რომ პატრიოტთა ალიანსის წევრები კონფერენციაზე იმ დროს შეიჭრნენ, როდესაც რასმუსენის ინიციატივაზე და რუსეთზე მსჯელობას იწყებდნენ:

“ვფიქრობ, ეს ფაქტები ერთმანეთთან კავშირშია. მათ სიგნალი ამით სხვებს მისცეს”.

მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ რასმუსენის განაცხადი, რაც ნატოში დაჩქარებულ გაწევრიანებას უკავშირდება, არაჩვეულებრივია:

“სწორედ ეს იყო 2008 წელს ბუქარესტის სამიტის არგუმენტი, რომ ვერ მიიღებდნენ ალიანსში ქვეყანას, რომელსაც ტერიტორიული პრობლემები აქვს, რადგან ეს რუსეთთან კონფლიქტს გამოიწვევდა. ეს იმის ფონზე, როდესაც დასავლეთ გერმანია მაშინ გახდა ნატოს წევრი, როცა მის აღმოსავლეთ ნაწილებში საბჭოთა ჯარი იდგა. რასმუსენის ინიციატივა ამგვარ ბარიერებს აბათილებს. სწორედ ამ არგუმენტებზე ვმსჯელობდით, როდესაც პატრიოტთა ალიანსის წევრები შემოვიდნენ”.

10 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო რუმსში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ირმა ინაშვილის დაუპატიჟებლად მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. კონფერენციის ორგანიზატორებმა ინაშვილს განუმარტეს, რომ ის არ იყო სიაში, შესაბამისად, კონფერენცია უნდა დაეტოვებინა. კონფერენციის დატოვება სთხოვა მას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმაც. ინაშვილმა თქვა, რომ წინა დღეს ამავე კონფერენციაზე დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მისი მისამართით ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა და ის პასუხის გასაცემად მივიდა.

ირმა ინაშვილის მისვლამდე, კონფერენციაზე ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს ნატოში დაჩქარებულ გაწევრიანებაზე ისაუბრა. რასმუსენი განმარტავს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მომდევნო ნაბიჯი საქართველოს არჩევანზეა დამოკიდებული. მისი შეთავაზება საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების “გერმანულ მოდელს” გულისხმობს, რაც ნიშნავს, რომ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით შევა ნატოში, ხოლო კოლექტიური თავდაცვის მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეოკუპაციის შემდეგ ამოქმედდება.

ამავე იდეის ირგვლივ ჰერითიჯის ფონდის ანგარიში ანალიტიკოსმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა, ლუკ კოფმა მოამზადა. ლუკ კოფი განმარტავს, რომ მისი წინადადება არ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ.

ირმა ინაშვილის პარტია ანტიდასავლური, პრორუსული, ჰომოფობიური და ქსენოფობიური რიტორიკით გამოირჩევა. ისინი სამხედრო მიუმხრობლობას ითხოვენ. გარდა ამისა, პარტიის წევრები ვიზიტებს მართავენ მოსკოვში და საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ღია დიალოგისკენ მოუწოდებენ

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა

ხუთ სექ 12 , 2019
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელო“ იქნება. შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ ანაკლიაში გააკეთა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა. „ჩვენ დღეს ვაფუძნებთ მოძრაობას. მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, ექნება მიზნების მიღწევის, ექნება სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი“, – განაცხადა ხაზარაძემ. აღსანიშნავია, რომ ხაზარაძემ მოძრაობის სახელწოდების დასახელებამდე გალაკტიონ ტაბიძის ლექსის: “მშობლიურო […]