20-21 ივნისის საქმეზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

20-21 ივნისის საქმეზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს, რომელმაც იარაღის გამოყენებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ, დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა აქციის ორ მონაწილეს, – ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა.

გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად მიმართული ღონისძიებების განხორციელებისას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, იარაღის გამოყენებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ, დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა აქციის ორ მონაწილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაკავებულია იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით.

აქვე აღვნიშნავთ, რომ 20-21 ივნისის აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს. მაღალი საჯარო  ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურა გამოძიების  შედეგებს ეტაპობრივად აცნობებს საზოგადოებას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ბათუმში "ქართული ოცნების" რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრა მიმდინარეობს

ოთხ ივლ 17 , 2019
ბათუმში “ქართული ოცნების” რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრა მიმდინარეობს. ბათუმის „ჰილტონში“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და სხვა წევრები იმყოფებიან. პოლიტსაბჭოს წევრები ამ წუთებში იკრიბებიან. სავარაუდოდ, პარტიის წევრები “ქართული ოცნების” რეგიონულ ხელმძღვანელს აირჩევენ. სავარაუდოდ, პარტიაში ორგანიზაციულ სტრუქტურულ ცვლილებებზეც იმსჯელებენ. გაუზიარე მეგობრებს: ინფორმაცია ავტორზე მარიამ […]